ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის როლი კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში

08/05/2020 მარიამ ქავთარაძე
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის როლი კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), როგორც ბიზნესწრეებისთვის, ასევე ფართო აუდიტორიისთვის ხშირი განხილვის საგანს წარმოადგენს. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც მსოფლიოს საერთო გამოწვევა - Covid-19-თან ბრძოლა აერთიანებს.

მთავრობები, რა თქმა უნდა, ვალდებულნი არიან, ყველაფერი გააკეთონ პანდემიასთან საბრძოლველად, ადამიანების გადასარჩენად და ამის პარალელურად, ეკონომიკის შესანარჩუნებლად. ეს მათი ძირითადი პასუხისმგებლობაა. თუმცა ამ პროცესმა აჩვენა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ ოფიციალურად პასუხისმგებელი პირების ძალისხმევა არ კმარა. მაშინ, როდესაც კამპანია #დარჩისახლში თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას წინა პლანზე აყენებს, საინტერესოა, როგორია ბიზნესის როლი Covid-19-თან ბრძოლაში?! რას აკეთებენ კომპანიები, როგორც ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები, საერთო საქმისთვის? ან რა შეუძლიათ, რომ უკეთ გააკეთონ?

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი სპეციალური ვებგვერდის – Stopcov.ge-ის თანახმად, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედმა 170-მა კომპანიამ გამოავლინა. Covid-19-ის პრევენციისთვის შექმნილ ფონდში ჩარიცხული თანხების მოცულობა 131 მილიონს [WU1] აღემატება. ეს უდავოდ დასაფასებელი ნაბიჯია, თუმცა ქართულ კომპანიებს სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ ფორმით არ გამოუხატავთ. მათგან საკმაოდ ბევრმა სოციალური პასუხისმგებლობა სხვა მხრივაც გამოავლინა – მათ შორის იყო, როგორც პროფილური აქტივობები (მაგალითად, ექიმების საწვავით ან საკვებით მომარაგება; სესხების რესტრუქტურიზაცია და ა.შ.), ასევე არაპროფილური მიმართულებები. დასანანია, რომ რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი კომუნიკაციიდან გამომდინარე, ინფორმაციამ გარკვეული კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ნაბიჯების შესახებ ვერ მიაღწია მომხმარებლის ყურამდე. ამით კი კომპანიებმა ორმხრივ სარგებლიანობაზე დაფუძნებული დადებითი რეპუტაციის დამკვიდრების შესაძლებლობა დაკარგეს.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ქართველი საზოგადოება, მათ შორის კონკრეტული ბრენდების მომხმარებლები, საკმაოდ კრიტიკულად არიან განწყობილნი მსხვილი კომპანიების მხრიდან გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობის, მათი საქველმოქმედო საქმიანობის ინტენსივობის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მომხმარებლები ბიზნესს სამოქალაქო თვითშეგნების უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებენ, ვიდრე კომპანიების დიდ ნაწილს წარმოუდგენია.

ჩვენ ხშირად ვესაუბრებით მომხმარებლებს სხვადასხვა სფეროს ლიდერი კომპანიების იმიჯისა და მათი ზოგადი საქმიანობის შეფასების მიზნით, ფოკუსური ჯგუფების, სატელეფონო თუ პირისპირ გამოკითხვის ფარგლებში (შენიშვნა: პირისპირ გამოკითხვის ფორმა, ეი-სი-თიში სრულად ჩანაცვლდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით, Covid-19-ით გამოწვეული ახალი დღის წესრიგიდან გამომდინარე) და აი, რას ამბობენ ისინი:

,,ვცდილობ, ისეთ კომპანიასთან ვიყო და ვითანამშრომლო, რომელსაც აქვს დიდი სოციალური პასუხისმგებლობა და რაღაცით მაინც ქართველობას ეხმარება, ცდილობს, წინ წამოსწიოს და გააუმჯობესოს.“ [ქალი, 26 წლის]

„კომერციული ორგანიზაციები მოკლებულნი არიან რაღაც იდეას. ცხადია, მათი ძირითადი იდეაა, გამოიმუშაონ, რაც შეიძლება, მეტი დოვლათი, მატერიალური სიკეთე, მაგრამ გარკვეულწილად არ უნდა დაგვავიწყდეს სოციალური პასუხისმგებლობა.“ [კაცი, 37 წლის]

კომპანიის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის საბაზისო საფეხურების დაკმაყოფილებასთან ერთად, ბრენდის რეპუტაციის მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილება მის მიერ ფართო საზოგადოებისთვის მოტანილი სხვა სარგებელიც.

სოციალური პასუხისმგებლობის საბაზისო საფეხურებად მიიჩნევა:


ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ზედა საფეხურები კი უფრო ფართო, გლობალურ პასუხისმგებლობას აკისრებს კომპანიებს, როგორც ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს. ამგვარ მიდგომას ბიზნესის სამოქალაქო თვითშეგნებას ან იმავე კორპორაციულ მოქალაქეობასაც უწოდებენ, რაც გულისხმობს იმ სოციუმის ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას, რომელშიც ბიზნესი აღმოცენდა, ან/და რომელთანაც აქვს შეხება სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ქართულ რეალობაში, მცირე სამოქმედო არეალიდან გამომდინარე, ამგვარ სოციუმად მიიჩნევა მთელი ქვეყანა და მისი მცხოვრებლები. შესაბამისად, ბიზნესის გამოწვევაა, შესთავაზოს საზოგადოებას იმ ტიპის ქმედება, რომელიც თვალნათელი და ამასთანავე, სარგებლის მომტანი იქნება მთლიანად ქართველი საზოგადოებისთვის, ან მისი რომელიმე ჯგუფისთვის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული კომპანიების მიერ განხორციელებულ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებთან მიმართებით მომხმარებელთა მეხსიერება საკმაოდ მწირია და უმეტესად საქველმოქმედო პროექტებით შემოიფარგლება. ამას ემატება ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონიც, რის გამოც მომხმარებლები CSR აქტივობათა სასურველ მიმართულებად, პირველ რიგში, ქველმოქმედებას და უფრო კონკრეტულად, ისეთ ფაქიზ თემებს ასახელებენ, როგორიცაა ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსება, სოციალურად დაუცველი ოჯახების ან მიუსაფარი ბავშვების დახმარება. საზოგადოების მაღალი მგრძნობელობიდან და გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე, ამავე კატეგორიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ კორონავირუსის პრევენციის ფონდში თანხის გადარიცხვაც.

თუმცა რესპონდენტები ცალკე გამოყოფენ გრძელვადიანი ეფექტის მქონე კამპანიების აუცილებლობას ისეთ სფეროებში, რომლებიც უფრო დიდი სარგებლის მომტანი იქნება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ასეთად მიიჩნევა განათლების, ტექნოლოგიების და ეკონომიკის განვითარების კუთხით ინვესტირება. ქართულ რეალობაში ეკონომიკის განსაკუთრებით მგრძნობიარე მიმართულებებს წარმოადგენს ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

გასათვალისწინებელია, რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ან დაგეგმილი ღონისძიებები აკმაყოფილებდეს საბოლოო შემფასებლების, მომხმარებლების მიერ განსაზღვრულ სამ ძირითად კრიტერიუმს:

1. დიდი მიზანი – მნიშვნელოვანია კომპანიების მატერიალური და სხვა რესურსების მობილიზება ისეთი ინიციატივებისთვის, რომლებიც მართლაც დიდ, აქტუალურ სარგებელს უკავშირდება. ჩვენს რეალობაში კორონავირუსთან და მის თანმდევ სირთულეებთან გამკლავება უდავოდ ასეთ გამოწვევას წარმოადგენს.

2. განგრძობადობა – მომხმარებლები ეყრდნობიან მოსაზრებას, რომ ჭეშმარიტი სოციალური პასუხისმგებლობის და სულისკვეთების მქონე კომპანიები არაერთჯერად, თანმიმდევრულ კამპანიებს ეწევიან და მათი ეთიკურობა დრომ გამოსცადა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებისთვის ერთჯერად დონაციებზე უფრო დამაჯერებელი შეიძლება აღმოჩნდეს კონკრეტული გამოწვევის (ამ შემთხვევაში: Covid-19-ის, ან მისით გამოწვეული ერთი რომელიმე პრობლემის) საპასუხოდ შემუშავებული ერთიანი სტრატეგია და შესაბამის ქმედებათა ჯაჭვი, რომელიც კომპანიების მხრიდან, ფინანსურის გარდა, ინტელექტუალური, ფიზიკური და დროის რესურსის გამოყოფას გულისხმობს და მათ გრძელვადიან განზრახვაზე მიანიშნებს.

3. კომპეტენციასთან თანხვედრა – მესამე სასურველი, მაგრამ არასავალდებულო კრიტერიუმი გულისხმობს, რომ კომპანიის მიერ არჩეული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებები ეხმიანებოდეს მის სფეროს, კომპეტენციას, ან ეხებოდეს საზოგადოების იმ წევრებს, რომლებთანაც აღნიშნულ ორგანიზაციას მეტი კონტაქტი აქვს. არსებულ ვითარებაში იკვეთება კერძო სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის წარმოჩენის შესაძლებლობები. თუმცა, ბუნებრივია, სხვა კომპანიებსაც შეუძლიათ დადონ თავიანთი წილი აგური საერთო საქმეში და ეს ადრინდელზე უფრო ეფექტურად გააკეთონ, თუკი თავიანთ რესურსებს პრობლემის იმ მხარეს მიმართავენ, რომელიც მათ საქმიანობასთან მეტად იკვეთება.

Covid-19-თან ბრძოლის ფარგლებში, ჩვენი ეკონომიკის გარდაუვალი უკანდახევის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღის შენარჩუნება ვირუსთან გამკლავებაზე არანაკლებ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, როგორი იქნება მთავრობის და საერთაშორისო დონორების ნაბიჯები, ამ სფეროში ბიზნესის ინიციატივებს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წინ წამწევის როლი შეიძლება დაეკისროს. ეს შეიძლება გახდეს სწორედ ის ნიშა, რომელიც ბიზნესმა უნდა აირჩიოს იმისთვის, რათა აღნიშნული კრიზისის პირობებში უფრო ეფექტიანად შეძლოს საკუთარი პოტენციალის საზოგადოების სასიკეთოდ გამოყენება.


ავტორი: მარიამ ქავთარაძე

კვლევის მენეჯერი, ACT BUSINESS



სხვა სტატიები