ხუთი სტრატეგიული რჩევა კრიზისის მართვაში

15/05/2020 გვანცა თოლორდავა
ხუთი სტრატეგიული რჩევა კრიზისის მართვაში

Covid-19-ით გამოწვეული მსოფლიოს ახალი „ხედები“ მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ძველი, ნაცნობი სურათისგან, რომელსაც სამოქალაქო და ბიზნესსექტორი აქამდე ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავდა, ბიზნესსტრატეგიებს აწყობდა ან მომხმარებლის კმაყოფილება/უკმაყოფილებას მიაწერდა.

ამდენად, კომპანიებისთვის პანდემიის ეფექტის სრული გავლენის გააზრება, გაზიარება და რაც მთავარია, შეცვლილ „ხედებთან“ ადაპტირება ამგვარ გარემოში ჩვეული, ან უფრო პროგრესული სვლისთვის აუცილებელია.

და მაინც, რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა კრიზისული მენეჯმენტისას?

კრიზისული მენეჯმენტის კლასიკურ თეორიულ მოდელებზე დაყრდნობით, მისი მართვა სამ ეტაპად იყოფა - დიაგნოსტირება, დაგეგმვა და იმპლემენტაცია-მონიტორინგი, თუმცა კრიზისული ვითარება ჩვენს მოცემულობაში იმგვარი სისწრაფით იცვლება, რომ გარემოება მუდმივად ცვლადი მონაცემი ხდება. ამგვარად, ეტაპობრივი დაყოფის ყველა პარამეტრზე უმთავრეს გავლენას დრო ახდენს.

1. ერთი ნაბიჯით წინ ყოფნა - მუდმივად ცვლადი საბაზრო სურათის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი, ინოვაციური იდეებისა და მიდგომის დანერგვა. სტანდარტული კონკურენციის პირობებში, ეს ბაზრის ნოვატორობას, პანდემიისას კი გადარჩენას და ფუნქციონირების გაგრძელებას ნიშნავს. ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი, არასტანდარტული მეთოდოლოგია, პროდუქტი ან სერვისი, რომელსაც ხშირად „დიდ იდეამდე“ მიჰყავს ბრენდი, სამომხმარებლო ბაზარზე კი ახალ სტანდარტებს ნერგავს. ამდენად, თუ ჩვეულ პირობებში მიმდევრად ყოფნა („ფოლოუერობა“) იყო შესაძლებელი, პანდემიისას ლიდერობაა ის მომენტი, რომელიც ბიზნესის წინსვლას განაპირობებს.

შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, ბიზნესისთვის მეტად მნიშვნელოვანია დიჯიტალიზაცია. ამიტომაც საქართველოში ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ბრენდები, რომლებმაც შესაბამისი ტექნოლოგიური, ასევე ადამიანური რესურსის მზადყოფნის პირობებში შეძლეს ციფრულ რელსებზე ბიზნესის გადაწყობა, განაგრძობენ ბიზნესსვლას. სადაზღვევო და საბანკო სფეროების წარმომადგენლები, რომლებსაც პროდუქტების დიდი ნაწილი დიჯიტალიზებული ჰქონდათ, ეკონომიკური ვარდნის პირობებში მარტივად გადავიდნენ ალტერნატიულ ხედვაზე და მათთვის უცხო არ აღმოჩნდა ციფრული რეალობა.

მიმართულების ცვლილებისას ბიზნესს ცოცხალი დოკუმენტის, კრიზისული გეგმის შექმნა სჭირდება. ის მუდმივად ცვლადი და დროსთან ადაპტირებული უნდა იყოს, რასაც კომპანია შესაძლო სცენარების დასახვით და მასთან შესაბამისი საბიუჯეტო, სტრუქტურული თუ სხვა სახის ცვლილებებით უნდა პასუხობდეს.

2. დიდ სურათში ინტეგრირება - ცვლილებების დოკუმენტი, იგივე ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს ცვლილებებთან ადაპტირების, დრამატული განვითარებისთვის მზადყოფნის შეგრძნებას აძლევს, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა ინერტულობის საბაბი გახდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ბიზნესმა გეგმის მიხედვით დანახულ დიდ სურათს მიღმა არსებული ფრაგმენტები მუდმივად შეისწავლოს და ვითარების შესაბამისად ცვალოს. ამასთან, რაც უფრო დიდია ორგანიზაცია, მით უფრო ბევრი ფრაგმენტისგან შედგება თავსატეხი. პანდემიისას კი ნაკლებად კონტროლირებადია, რომელი ფრაგმენტი დაზარალდება მეტად და რომელი ნაკლებად.

3. ხელი პულსზე – ბიზნესს ანტიკრიზისული გეგმის და მისი იმპლემენტაციის ყველა ეტაპზე სჭირდება ბიზნესგარემოს შესახებ ინფორმაციის მუდმივად განახლება. ამდენად, ბიზნესპულსაციის ხელსაწყოების გამოყენება (კვლევა, ანალიტიკა, ექსპერტების აზრი, მსოფლიო ანალოგიების მონიტორინგი) ზრდის გარემოსთან ადაპტირების, პროცესებში ჩართვისა და ბიზნესგარემოს ცვლილებებში მუდმივი თანამონაწილეობის დონეს. პანდემიის გავლენის შესამცირებლად, პირველი რიგში, მრავალმხრივი ცოდნაა აუცილებელი.

4ეფექტური და ეფექტიანი გადაწყვეტილება - კრიზისული მენეჯმენტის მთავარი გამოწვევა და ამასთანავე, ამგვარ ვითარებასთან გამკლავების ხელსაწყოა. პანდემიის [WU1] ირგვლივ არსებული გადაწყვეტილებები დროში იზომება და მის შედეგებს ბიზნესი ხშირ შემთხვევაში კრიზისის გადავლის შემდეგ ხედავს. არსებულ არასტანდარტულ ვითარებაში სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევა ის, რომელიც მძიმე პოტენციურ რისკს პასუხობს: გვაპოვნინებს გამოსავალს, დასახული უარყოფითი სცენარების მიხედვით, მეტი რაოდენობის ან მეტი წონის მქონე რისკის შემთხვევაში. ამგვარი გადაწყვეტილებების თანმდევი გამოწვევაა მათი სწორად მიტანა პირველ დონეზე დასაქმებულებთან, მეორე დონეზე კი პოტენციურ აუდიტორიასთან.

5. მოემზადეთ შეცვლილი სამყაროსთვის – ონლაინგაყიდვები, ციფრული მარკეტინგი, ზუმში შეხვედრები ბიზნესსამყაროს ძლიერი ელემენტები გახდა. შესაბამისად, ბიზნესი არსებულ ვითარებასთან გამკლავების შემდეგ, ამ და სხვა ახალი ელემენტების მისაღებად და გასაზიარებლად მზად უნდა იყოს. Covid-19-ით გამოწვეული  ცვლილებების მიმართ ღია და არასწორხაზოვანი მიდგომა ბიზნესს ერთგვარ იმუნიტეტს უქმნის.

პანდემიის დასრულების შემდეგ არსებული გამოცდილება შესაძლოა ბიზნესისთვის კრიზისის მართვის სახელმძღვანელოდ იქცეს. ცვლადი დოკუმენტები, რომლებშიც იდეები და შესაძლო სცენარებია გენერირებული, ბიზნესის განვითარების პოტენციური გეგმაა. ადამიანური რესურსი კი, რომელმაც კომპანია ახალ რელსებზე გადაიყვანა, ბრენდს უნიკალური ორგანიზაციული კულტურის სრულყოფის შესაძლებლობას აძლევს.

დაბოლოს, პანდემია ბიზნესს ასწავლის, რომ სურათი მუდმივად ცვლადია, მასში პოზიციონირება და კურსის შესაბამისი სვლა კი გადარჩენისთვის აუცილებელი პირობაა.


ავტორი: გვანცა თოლორდავა

კვლევის მენეჯერი, ACT BUSINESS

სხვა სტატიები